ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა
5 ნოემბერი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, შეხვედრა გამართა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტთან და „ისრაელის სახლის“ თავმჯდომარესთან, იციკ მოშესთან, ასევე ისრაელის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების - „ფაიბეროპტიკის“ და „ალბიონის“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს ისრაელის კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობები საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტომობილო გზების სექტორსა და საგზაო აქტივების (მაგისტრალები, ხიდები, გვირაბები) თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვას. ისრაელის მხარემ გამოთქვა საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის, მართვისა და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობაში დაინტერესება.
იციკ მოშემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ისრაელის კერძო სექტორის მზაობისა და დაინტერესების შესახებ, საქართველოს ბაზარზე ინვესტიციებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და ინიციატივების განსახილველად კომუნიკაციის გაგრძელებაზე.